17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება - შესაძლოა მერიის ზოგიერთი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

„ქართული ოცნების“ გავლენიან ლიდერებთან დაახლოვებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე, პატიმრობაში რჩება. მერიის ყოფილი თანამშრომელი გლდანის ციხეში, სუს-ის მანქანით, მხოლოდ ორი სამართალდამცველის თანხლებით წაიყვანეს.

პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ ზვიად ჩიხლაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 3000 ამერიკული დოლარი მტკვარზე ტივის მოსაწყობად საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღების სანაცვლოდ გამოართვა. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებთან საუბრისას ის ხშირად ხაზს უსვამდა მის გავლენებს მერიაში.

სხდომა დღეს ხმაურის და მხარეთა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატები პროკურორისგან განმარტებებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ითხოვდნენ. მათ პრეტენზია, ძირითადად, ჩანაწერებთან დაკავშირებით ქონდათ.

აბესაძის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულების სანდოობაც დააყენეს ეჭვქვეშ. ადვოკატებმა კომენტარებში ყურადღება მხოლოდ საქმის კვალიფიკაციაზე გაამახვილეს. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ამავე საქმეზე მერიის სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრების საშუალება ადვოკატებს 48 საათის განმავლობაში აქვთ. ქრთამის აღებაში ბრალდებულის, ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვა კი 31 აგვისტოდან დაიწყება.

დღის ამბები