28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
შეხვედრა კალაძესთან - საჯარო მოხელეები რესტორნის შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისში მიიყვანეს

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან, კახი კალაძესთან საჯარო მოხელეების შეხვედრა მაინც შედგა. რესტორან „ბარაკონში“ საბიუჯეტო ორგანიზაციების მაღალჩინოსნების და თანამშრომლების გუშინდელი ვახშმის შემდეგ, სუფრის მონაწილეები კალაძესთან მმართველი პარტიის ოფისში მივიდნენ, რასაც ფოტოებიც ადასტურებს.

211-ე ბაღის დირექტორის მოადგილემ, ხათუნა მთვრალაშვილმა, რომელიც კახი კალაძესთან ერთად ფოტოზეა გადაღებული, „კურიერს“ დაუდასტურა, რომ გამგეობისა და ბაღების თანამშრომლები ჯერ რესტორანში დაპატიჟეს, შემდეგ კი კახი კალაძესთან შესახვედრად პარტიის ოფისში მიიყვანეს. 

კახი კალაძესთან ერთად ფოტოზეა ასევე გადაღებულია 87-ე ბაღის დირექტორი, ნინო ცხოვრებაძე.

„კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საჯარო მოხელეები გუშინ თბილისის რამდენიმე რესტორანში დაპატიჟეს, იქვე იგეგმებოდა კახი კალაძის სტუმრობაც, თუმცა თბილისის მერობის კანდიდატმა მისვლა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც უთხრეს, რომ შენობასთან "კურიერის" კამერა მუშაობდა.

ქალი, რომელიც გუშინ რესტორან „ბარაკონთან“ „რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს აგინებდა, თბილისის 212-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, ქეთევან კორძახიაა. ის ერთ-ერთი იყო იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის მაღალჩინოსნებს შორის, რომელიც რესტორან „ბარაკონში“ გუშინდელ შეკრებას ესწრებოდა.

თბილისის 212-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ კორძახიას გუშინდელი ქმედება მისთვის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო მოხელეებისა და კახი კალაძის გუშინდელი შეხვედრის შესწავლას და ფაქტისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები