ე.წ. ქართველთა მარში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ. აქტივისტები ადგილზე სხვადასხვა მიმართულებიდან მივიდნენ.
მიტინგი ხმამაღალი შეძახილებისა და სკანდირების თანხლებით გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ეს შეკრება არის ახალი ქართული, გამაერთიანებელი მოძრაობა.
ლიდერების თქმით, ამ ღონისძიებით ისინი აფრთხილებენ ხელისუფლებას და კონკრეტულ მოთხოვნებსაც აყენებენ. ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებული იყო პეტიციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მარჯანიშვილის მოედანზე წაიკითხეს.
ისინი აპროტესტებენ უცხოელების მხრიდან ქართველებზე ძალადობას და კულტურულ ძეგლებზე შეურაცხყოფას, უცხოელების მასობრივ და კომპაქტურ ჩასახლებას. მათი თქმით, დასახვეწია კანონმდებლობა და ხელისუფლებამ დროული ნაბიჯები უნდა გადადგას და გაამკაცროს საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის წესი და მოქალაქეობის მიღება.
მათი თქმით, თუ ხელისუფლება ერთ თვეში მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ქართველთა მარში ისევ ჩატარდება და მას უფრო რადიკალური ფორმა იქნება.
„როგორც რუსეთის ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდეს ეს ქვეყანა, ისე სოროსისტული-ლებერასტული იდეოლოგიისგან უნდა გათავისუფლდეს, რომელიც არის საქართველოსთვის აბსოლუტურად უცხო, ხელოვნურად არის საქართველოსთვის თავსმოხვეული“,- განაცხადა მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ.
ე.წ. ქართველთა მარშს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანიც შეუერთდა.