17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფა - თელასის ქვესადგური მაზუთის ძველი საცავის ტერიტორიაზე შენდება

თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. უზნაძის ქუჩის მიმდებარედ კომპანია თელასის ახალი ქვესადგური მაზუთის ძველი საცავის ტერიტორიაზე შენდება. 

მავნე ნივთიერება, რომელიც, წესით, უტილიზაციას ექვემდებარება, იქვე საგანგებოდ გათხრილ მიწაში იმარხება. ნივთიერება საფრთხეს უქმის, როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ნიადაგს და მდინარე მტკვარს.

მაზუთიანი მასების მიწაში დამალვის ერთ-ერთი ფაქტი დღეს ადგილზე რუსთავი2-ის ჟურნალისტმა დააფიქსირა. დოდო აბაშიძის #10-ში კურიერის გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებმა რუსთავი2-ს ტერიტორია დაატოვებინა. კურიერმა მანამდე მაინც მოახერხა კადრების გადაღება, სადაც ჩანს ნიადაგში დაღვრილი რამდენიმე ტონა მაზუთი. 

ქცესადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით თელასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„მთავრობისა და სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თელასი აწარმოებს ახალ მაღალი ძაბვის 35 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების ქვესადგურის მშენებლობას, რომელიც 25000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. მშენებლობას თელასის მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული კონტრაქტორი ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ტერიტორიაზე მაზუთისა და წვიმის ნაზავის ნარჩენები აღმოჩნდა, რომლის უტილიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიასთან - შპს სარინთან აღმოჩენილი მაზუთის ნარჩენების უტილიზაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის, თქმით, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.

„ნუ ჩაიყენებენ თავს სირაქლემას პოზიციაში, რასაც ხშირად ვხედავთ ხოლმე. ფაქტზე რეაგირება ჰქონდეთ“, - განაცხადა ბუხრაშვილმა. 

როგორც ცნობილია, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა სამი დღის წინ ეს ფაქტი შეისწავლა. გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ნარჩენების კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მიხეილ ბურნაძის, განცხადებით, დირექტორმა აღიარა, რომ დაბინძურებული ნარჩენები მისი დაყრილია და შესაბამისად, ადმინისტრაციული ოქმიც შედგა და საქმის წარმოება დაიწყო. 

დღის ამბები