03 ივნისი 2024,   03:02
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადირება - ოპოზიცია იმედოვნებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საკითხი არ განიხილება 

უკრაინის პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მმართველი გუნდი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა და აქტუალური საკითხია.

„ჩვენ ფაქტობრივად ერთ ბედ ქვეშ ვართ, ჩვენ და უკრაინა შესაბამის ურთიერთობებში რუსეთთან. ამიტომ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაზიარებელი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის საქმისა და მის შესაძლო ექსტრადირებაზე საუბარს არ გამორიცხავენ „ნაციონალური მოძრაობაში“. თუმცა, პარტიაში იმედოვნებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე არ ისაუბრებს ხელისუფლება, რადგან "ენმ"-ის ლიდერების თქმით, ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კეთილგონიერება ეყოფა იმისა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიაქციოს ისედაც ყველასთვის ნათლად პოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მისი საქართველოს პოლიტიკური სივრციდან განდევნის მიზნით,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევა არასწორად მიაჩნიათ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის ლიდერები მმართველ გუნდს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ორივე ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევენ.

„ბოლო 5 წელია არ განხორციელებულა უმაღლესი დონის ვიზიტი და ამაში პირველ რიგში არის დამნაშავე „ქართული ოცნება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს თემა არ ყოფილიყო დაკავშირებული  უკრაინის თემასთან. რაც შეეხება ექსტრადირების თემას, იმედია კეთილგონიერება ეყოფა „ქართულ ოცნებას“, რომ ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტთან არ ისაუბროს,“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები