17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ვიზიტი 9-წლიანი პაუზის შემდეგ - შეხვედრები და მოლაპარაკებები ქვეყნის პირველ პირებთან

9-წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი დღეს, დილით პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრით დაიწყო.

უკრაინის ლიდერს მთავარი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ჰქონდა. მოლაპარაკებების შედეგები ჟურნალისტებს ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნეს.

პირველ ვიზიტსა და პირველ განცხადებებს უხერხულობის გარეშე არ ჩაუვლია. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს არა აქვს რუსეთთან ისეთი ხელშეკრულება, სადაც მოსკოვი ოფიციალურად იღებს ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის შესახებ.

თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას დელიკატურად შეახსენა 2008 წლის სარკოზი-მედვედევის 6-პუნქტიანი შეთანხმება და ყველა იმ საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც რუსეთს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აკისრებს.

ის, რომ უკრაინის ლიდერმა პირველივე ოფიციალური ვიზიტის დროს 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმება არ ახსენა, ამაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს.

კიდევ ერთი უხერხული სიტუაცია სასტუმრო რედისონში შეიქმნა ბიზნესფორუმზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მივიდა.

შეხვედრის ამსახველ ელექტრონულ ბანერეზე, რომლის ფონზეც თავად პეტრო პოროშენკო იჯდა, ორთოგრაფიული შეცდომა იყო დაშვებული. არასწორად ეწერა სიტყვა "უკრაინა". ეს შეცდომა შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსულ და უკრაინულ მედიას.

დღის ამბები