15 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელისუფლების წევრებს და ექსპერტებს ხვდებიან. საქართველოს ელჩები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ, რომლის მთავარი საკითხი ისევ რუსული ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება იქნება.

ექსპერტებმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვეს ხაზი, მათ შორის ის რეფორმებია, რომელიც ინიცირებულია მმართველი გუნდის მხრიდან. ესენია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, თვითმმართველობის თემა და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა "ამბასადორიალზე" საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხსა და ადამიანის უფლებებზე. ზვიად დევდარიანის თქმით, საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს, საარჩევნო სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არსებულ პრობლემებს. დავით სიხარულიძე ქვეყნის დასავლელ მოკავშირეებთან საქართველოს თემატიკის და პრობლემების გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს გახლავთ რუსული პროპაგანდა, რომელიც მუშაობს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ გააქტიურდეს საქართველოს თემა,“ - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი, "ამბასადორიალის" პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩვენს დიპლომატებს აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ყველა პოზიცია, ხედვა, მოსაზრება, არა მხოლოდ მთავრობის და პარლამენტის, არამედ ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი და ღრმა განხილვა ყველა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ცალსახად არის პროგრესული,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები