16 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციის მუქარა - ემზარ კვიციანი პოსტის შინაარსს ცვლის

"რუსთავი 2"-ის წამყვანის ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ავტორი, დეპუტატი ემზარ კვიციანი დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერი პოლიციის სამმართველოში არ მივიდა.

გამოძიების შეკითხვებს ტელეწამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა უპასუხა. ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანის ლიკვიდაცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გუშინ facebook-ის საკუთარ გვერდზე დააანონსა. იუმორისტული შოუს წამყვანი ამბობს, რომ დეპუტატის საჯარო მუქარა საგამოძიებო უწყებებმა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვონ.

თავად ემზარ კვიაციანი, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის შესახებ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებების გაკეთებას მეორე დღეა თავს არიდებს. ოფიციალურად დაბარების მიუხედავად, ის არ მიდის არც პოლიციის სამმართველოში. დეპუტატმა ვანო ჯავახიშვილს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯავახიშვილს აღარაფერი ემუქრება და წინასწარი ანალიტიკური პრევენცია მოახდინა.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ემზარ კვიციანის გამოკითხვა სამართალდამცველებს ჯერ კიდევ გუშინ სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს. შოთაძის ცნობით, სწორედ კვიციანის გამოკითხვაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა გამოძიება ვანო ჯავახიშვილის შესაძლო მკვლელობის საქმეზე.

საგამოძიებო უწყებების რეაგირება არასაკმარისია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის. ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ სამართალდამცველებმა ერთის მხრივ, უნდა გაარკვიონ, რას ეფუძნებოდა დეპუტატ კვიციანის მუქარა და მეორეს მხრივ, უზრუნველყონ ვანო ჯავახიშვილის უსაფრთხოება.

მივა თუ არა ემზარ კვიციანი პოლიციაში გამოკითხვაზე, ჯერ უცნობია. 

დღის ამბები