17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
მოტყუება და გადაბრალება - ოპოზიცია და მმართველი გუნდი მუხთარლის საქმეზე შს მინისტრის ბრიფინგს აფასებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დღევანდელ ბრიფინგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელების შეთანხმების შედეგად სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დროებით თანამდებობები დატოვეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებით კმაყოფილები არიან და პასუხისმგებელი პირების საქმიდან დროებით ჩამოშორებასაც დადებითად აფასებენ. ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და აცხადებენ, რომ შსს-სა და სუს-ს შორის ურთიერთობები დაძაბულია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია.

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ სხვა უწყების ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება მის კომპეტენციაში არ შედის და განმარტავს, რომ „ამ გადაწყვეტილებებს თუ ასეთია მიღებული, ბუნებრივია, ექნება ლეგიტიმაცია თავისი და, შესაბამისად, გამართლებაც.“

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ არსებული ჩანაწერები, სადაც სწორედ მუხთარლი იყო აღბეჭდილი, წაშლილია.

„ეს ბრიფინგი, ეს მოტყუება და გადაბრალება, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის აკიდება კონკრეტული თანამდებობის პირებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები და ეს იყო ხელისუფლების უშუალო დაკვეთა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე, სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა შეასრულა თავიდან ბოლომდე მთელი ოპერაცია, კონკრეტულ ადამიანებს, ანუ სუს-ის სპეცრაზმის უფროსს და მის ორ თანამშრომელს ჩააცვეს კრიმინალური პოლიციის ფორმები. ანუ, პრაქტიკულად, იმ წამსვე გახდა ცნობილი სუს-ის სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ პრობლემები გაჩნდებოდა ყველაფერი დაბრალებოდა შსს-ს,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები