ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში პრეზიდენტის ვეტო ადევს. ქვეყნის პირველმა პირმა ორივე კანონთან დაკავშირებით გამოიყენა სახელმწიფოს მეთაურის უფლება და ცვლილებები შეაჩერა. გიორგი მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის და საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთხელ მოუწევს საკუთარი გუნდის მობილიზება ვეტოს დასაძლევად, თუმცა ეს სავარაუდოდ არ იქნება ბოლო შემთხვევა რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციიდან გამომდინარე ქვეყნის მთავარი კანონი ასევე საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, დასანანია ის არასწორი ინფორმაცია რომელიც საზოგადოებას მიეწოდება.
“უხერხული და უშნო არაფერი არ არის, ვთქვათ მიიღო რაღაც შენიშვნა ერთი გუნდიდან. არის ცუდი ის, რომ ამ გუნდს გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და განსაკუთრებით ის, რომ ეს საკონსტიტუციო უფლება მოვალეობებიდან საკმაოდ შორს წავიდა. დასანანია ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება, თითქოს საზოგადოებას ან ქალაქს ერთმევა თვითმმართველობა,“ - განაცხადა ვოსლკიმ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილის ზაზა გაბუნიას თქმით, კი ისინი სიღრმისეულად გააანალიზებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.
“ყურადღებით გავეცნობით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. იმას თუ რას ეფუძნება მისი გადაწყვეტილება ვეტოსთან დაკავშირებით. სიღრმისეულად გავაანალიზებთ ამას და ამის შემდეგ გვექნება ჩვენი რეაქცია,“ - განაცხადა გაბუნიამ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და ცვლილებები შეჰქონდა მხოლოდ ჩამოშლილი რეიტინგის ფონზე არჩევნების გასაყალბებლად.