17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
კანონპროექტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ - პოლიტიკოსები აშშ-ის ნაბიჯებს მიესალმებიან

რუსეთისა და ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატა კენჭს 2 დღეში უყრის. საქართველოს მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, კონგრესში მსგავსი კანონპროექტის შესვლა იმის მანიშნებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან მიმართებით კონსოლიდირებულია საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ქმედებები საქართველოში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, ფასდაუდებელია და საქართველოს მთავრობა დიდ მადლობას უხდის სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი მხარდაჭერისთვის.

„კონგრესმენების მხარდამჭერი დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, რომ ჩვენთან ერთად დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობიანი გზით მოხდეს ქვეყნის გამთლიანება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა კრემლის პოლიტიკის საფრთხეები კიდევ უფრო უკეთ გააცნობიერა და საქართველოს მთავრობის მაგივრად მუშაობს პრობლემების მოგვარების მიმართულებით.

„შეერთებულმა შტატებმა სრულიად გააცნობიერა რამხელა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, სადაც მოახდინა ოკუპაცია, არამედ ის საფრთხეს წარმოადგენს უკვე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. იმას, რასაც ხშირ შემთხვევაში, არ აკეთებს ხელისუფლება, ამ მიმართულებით მუშაობენ ჩვენი პარტნიორები და ისინი გვეუბნებიან, თუ რა გზავნილი უნდა იყოს რუსეთის მიმართ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე კი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების კონგრესის ასეთი გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში გახმაურებული სკანდალით არის გამოწვეული, რომელიც რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევას ეხება. მისი თქმით, სამწუხაროდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას არ უაქტიურია.

„ეს სკანდალი, ერთგვარად, ამას ყველაფერს აღვივებს, იმიტომ რომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს სურვილი რუსეთის ასეთ უკანონო ქმედებებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ხელი ამ საქმეში, რეალურად, არ ურევია და არანაირი აქტიურობა არ განუხორციელებია,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

დღის ამბები