„საქართველოში რუსულმა პროპაგანდამ მიიღო საგანგაშო ფორმა," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით ბაქრაძემ აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ გამართულ აქცია-მსვლელობაზე გააკეთა. ბაქრაძე რუსული პროპაგანდის შესახებ და მის გამოვლინებებზე საუბრობს.
„საქართველოში რუსულმა პროპაგანდამ მიიღო საგანგაშო ფორმა და ის, რასაც ვხედავთ, აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხ-ქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია - ეს არის ყველაფერი რუსული პროპაგანდის გამოვლინება და ეს არის ის ყველაფერი, რაც საქართველოს უხურვას ევროპული მომავლის კარს. ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში, ქართული ტრადიციების სახელით გაიმარჯვოს იმ რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც სინამდვილეში ებრძვის მთავარ ქართულ ტრადიციებს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციას „რესპუბლიკური პარტიაც" შეუერთდა. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, თუ რატომ მივიდა დღეს აქციაზე.
„ყველა ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანა არ აშენდება ზიზღით და ფაშიზმი არ არის გამოსავალი და პირიქით, მას უნდა ვებრძოლოთ, ასეთი ადამიანების გვერდით დავდგებით ჩვენ,“ - აღნიშნავს სამნიძე.
აქციაზე იმყოფებოდა "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე, რომელიც ამბობს, რომ „რუსული გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომ ქართველი ხალხი გამოჩნდეს არაცივილიზებულად, უკულტურო და აგრესიულ ხალხად.“