25 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
თუ ხელისუფლება გააგრძელებს ასე, მაშინ არაფერი მშვიდობიანად აღარ ჩაივლის - სანდრო ბრეგაძე

ნასროლი ქვები, კვერცხები, ბოთლები და შეურაცხმყოფელი შეძახილები ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლები გუშინ საღამოს აღმაშენებლის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული მსვლელობის ჩაშლას და დაპირისპირებას ცდილობდნენ.

ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი სხვა განცხადებების ფონზე, აგრესიულად განწყობილი ადამიანების შეკავება რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მოახერხეს, თუმცა კორდონის მიუხედავად, სხვადასხვა სახის დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მაინც მიიღო. ე.წ. „ქართველთა მარშის“ წევრებმა დააზიანეს "რუსთავი 2"-ის მიკროფონი, რომელიც ჟურნალისტს წაართვეს და გადააგდეს.

ისინი ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ, კორდონიდან გაღწევას და რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან მიახლოებას. დაძაბულობას წინ უსწრებდა ილია მეორის ინიციატივით ე.წ. ქართველთა მარშის ლიდერებთან გამართული შეხვედრა და საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ეკლესია ორგანიზატორებს აქციების გამართვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.

პატრიარქთან აუდიენციის შემდეგ, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მარშის წევრები ემორჩილებოდნენ პატრიარქის თხოვნას და შეკრება აღარ გაიმართებოდა. თუმცა, მოგვიანებით, ბრეგაძე-კორკოტაშვილი-სადღობელაშვილი-ვაჩნაძე აღმაშენებელის გამზირზე მაინც მივიდნენ და აქციაში მონაწილება მიიღეს.

“ჩვენ დავემორჩილეთ პატრიარქის სიტყვას და ჩვენი ათასობით მომხრე დავტოვეთ სახლში. ამ სატანის მოციქულებმა და ჯალათებმა სპეციალურად ჩაიარეს მარშით და გააღიზიანეს ხალხი. აქ არის ყველა ის ადამიანი, რომელიც პირადად ბოკერიას მმართველობით და ბრძანებით იყო ნაწამები „ნაციონალური მოძრაობის" დროს. თუ კიდევ ხელისუფლება გააგრძელებს ასე, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ აქ არაფერი მშვიდობიანად აღარ ჩაივლის,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

დღის ამბები