17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
თბილისის ზღვის ტერიტორიის გამწვანება და ჩატარებული ტენდერები - საკითხზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

თბილისის ზღვის ტერიტორიის გამწვანება და ჩატარებული ტენდერები შესაძლოა, გამოძიების მიზეზი გახდეს. თბილისის ზღვასთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერიტორია ახლადდარგულ, მაგრამ უკვე გამხმარ ხეებს უკავია. 

თბილისის მერიამ ამ ტერიტორიის გამწვანებაზე ტენდერი სამჯერ გამოაცხადა. ჯამური ღირებულება მილიონ-ნახევარზე მეტი ლარია. ერთ კვირაში კი სამივე ტენდერი შპს „გამწვანება -2016“-მა მოიგო, რომელიც ტენდერის გამოცხადებიდან ზუსტად 6 დღეში, დაფუძნდა.

ოდნავ მოგვიანებით, მერიამ იგივე ტერიტორიაზე ასევე გამწვანების მიზნით, კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ისევ „გამწვანება 2016“-ია. ხელშეკრულებებით კომპანიამ ვალდებულება აიღო ნერგების გახმობის შემთხვევაში, ისინი ჩაენაცვლებინა. ხეები გამხმარია, მისი ჩანაცვლება კი საღი ნერგებით ამ დრომდე არ მომხდარა.

მერიამ გამოუცდელ კომპანიას ხეების დასარგავად ჯერ 2 მილიონი მისცა და შემდეგ კიდევ 70 ათასი ლარი მოვლისთვის დაუმატა. დოკუმენტებით გაფორმდა, რომ კომპანიამ სამუშაოები შეასრულა, თუმცა რეალურად სულ სხვა რამ მოხდა. 

2 მილიონი ლარი მერიამ მისცა კომპანიას, რომელმაც ასეულობით ხე თბილისის ზღვაზე, მაგისტრალური წყალსადენის რკინის მილის თავზე დარგო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ხეებს გახარების შანსი თავიდანვე არ ჰქონდა და გახმობისთვის იყო განწირული.

ტენდერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაფუძნებული კომპანია კი, რომელმაც ერთდროულად 4-ვე ტენდერი მოიგო, ოფიციალურ მისამართზე აღარ იძებნება.

„კურიერის“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში საკითხზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. 

დღის ამბები