17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული Black Sea Arena ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარს მიიღებს

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული და შემდეგ სახელმწიფოსთვის გადაცემული Black Sea Arena, საქართველოს ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარს მიიღებს. წელს კონცერტებისა და ფესტივალებზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს სულ 20 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს თანხა ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით იხარჯება.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე თვლის, რომ კონცერტებისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ლარი წყალში გადაყრილი ფულია და მსგავსი ღონისძიებები ტურიზმის განვითარებას ხელს არ შეუწყობს. ამის მიზეზი კი კონცერტების შესახებ აფიშების უცხოურ საიტებზე გვიან განთავსებაა.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ Black Sea Arena სახლემწიფომ უნდა გაყიდოს და საკონცერტო დარბაზი კომერციული უნდა გახდეს. ხოლო ზემოთხსენებული თანხები სახელმწიფოში სხვა მნიშნელოვან სფეროებში უნდა დაიხარჯოს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena ბიუჯეტიდან გამოყოფილ 12 მილიონ ლარს გამარტივებული წესით განკარგავს. ორგანიზაცია „არა კორუფციაში“ აცხადებენ, რომ ამგვარად კორუფციის რისკები იზრდება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შარშან საქართველოში ჩატარებული უცხოელი მომღერლების კონცერტებზე ტურისტებმა ბილეთების მხოლოდ 5,23 % შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ზე თანამშრომელთა რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და იქ ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები დაასაქმეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები