17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
პრეზიდენტის 3 ვეტო - საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების შესწავლას იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების შესწავლას იწყებს. გიორგი მარგველაშვილის 3 ვეტო - ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და ორი საარჩევნო კოდექსზე უკვე პარლამენტის განხილვის დღის წესრიგშია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანაპარტიელებს  უთხრა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შინაარსზე იმსჯელონ და პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავონ. თავმჯდომარის ამ მოწოდების მიუხედავად, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა გიორგი მარგველაშვილს პარლამენტიდან უთხრეს, რომ მისი ვეტოც კი ფასს კარგავს.

პრეზიდენტის კრიტიკას დღეს პარლამენტში ისმენდა გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ უმრავლესობის პოზიცია და პრეზიდენტთან ყველა თემაზე დაპირისპირება ქვეყანაში დემოკრატიას აზიანებს. კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტი პოზიციას არ იცვლის.

პრეზიდენტი სამი ვეტოთი ცდილობს უმრავლესობა აიძულოს შეცვალოს უკვე დამტკიცებული ორი კოდექსი. ცვლილებების თანახმად, რომელთა გაუქმებასაც გიორგი მარგველაშვილი ითხოვს, ქვეყანაში 7 ქალაქი თვითმმართველის სტატუსს და შესაბამისად უფლებებს კარგავს. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, აქ "ქართული ოცნება" უფლებებს იზრდის. სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო ადმინსიტრაციებში უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლება. ეს ცვლილებები პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის კრიტიკის მიზეზიც ხდება.

დღის ამბები