17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
მინისტრ ხეჩიკაშვილის კომპანიის მიერ მოგებული 30 მილიონი ლარის ტენდერები (ტექსტის შესწორებული ვერსია)

ორგანიზაცია „მედიატორი“ შინაგან საქმეთა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრების დაკითხვას ითხოვს. მიზეზი შსს-ს მიერ გამოცხადებული 30 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებია, რომლებშიც სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ გაიმარჯვა. ორგანიზაცის დასკვნის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის კომპანია ერთადერთია, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ტენდერებში მონაწილეობს და იმარჯვებს.

„შკოდას“ მარკის 170 ავტომობილი, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან, „იბერია ბიზნეს ჯგუფისგან” 8 მილიონ ლარად იყიდა, პატრულირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.  კომპანიაში ადასტურებენ, რომ ძალოვან უწყებებთან დიდი ხანია თანამშრომლობენ და რომ ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლიათ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქმეში კორუფციის ნიშნები არ არსებობს.

შსს-სა და ტარიელ ხეჩიკაშვილის ავტო კომპანიის მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები სახელწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. 

 

შესწორება: 

რეპორტაჟის ბოლო ნაწილში, მე 4 წუთზე დაშვებული იყო შეცდომა, გთავაზობთ ტექსტის შესწორებულ ვარიანტს. 

მინისტრ ხეჩიკაშვილის კომპანიაში აცხადებენ, რომ მათგან ნაყიდი შკოდას მარკის ავტომობილები, ამჟამად მოქმედ საპატრულო ეკიპაჟებს დაემატება. მოქმედი ავტომობილები 2016 წლის 8 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 მილიონ ლარად ასევე "იბერია ავტო ცენტრისგან შეიძინა, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის. 

შესაძლო კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს კომპანიის დამფუძნებელი პირადად არ გამოხმაურებია. პოლიტიკური ოპონენტები თვლიან, რომ ბრალდებების ადრესატებმა ახსნა-განმარტება საგამოძიებო უწყებებს უნდა ჩააბარონ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ GT მოტორსისაგან 2014 წელს შეძენილი ავტომობილების თემა, სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც მოხვდა. კერძოდ, უწყებისთვის საეჭვოა, 2014 წელს გამოცხადებული ტენდერი და შედეგად - შინაგან სქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 მილიონად შეძენილი ფორდები. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სატენდერო პირობები და შესაძენი ავტომობილის კონკრეტული მახასიათებლები სხვა კომპანიების მონაწილეობას ტენდერში თავიდანვე გამორიცხავდა. კომპანია GT მოტორსი არა ტარიელ ხეჩიკაშვილს, არამედ  ბიზნესმენებს გიორგი თავდიშვილს, გიორგი გველესიანს, თემურ უსტიაშვილს ეკუთვნით, რომელთაგან ორი, ქართული ოცნების შემომწირველია. მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჯამში 120 ათასი ლარი მმართველ პარტიას შესწირეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები