17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
მოქალაქეზე შეიარაღებული თავდასხმისთვის დაკავებული პოლიციელი - დაზარალებულს უცნობი პირები დაპატიმრებით ემუქრებიან

პოლიციელი არჩილ დევრიშაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით, სამართალდამცველი მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მას ცეცხლი გაუხსნა.

დევრიშაძის ადვოკატის, თეიმურაზ ქავშბაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი გაუვარდა და მოქალაქე, რომელიც მას თავდასხმაში ადანაშაულებს, რომან ქათამაძეა, რომელიც დაკავებულმა პოლიციელმა ადრე დააკავა. თეიმურაზ ქავშბაია აცხადებს, რომ ქათამაძემ პოლიციელს პროვოკაცია მოუწყო.

პოლიციელი, რომელიც ქობულეთში მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა დაკავებულია. რამდენიმე საათის წინ არჩილ დევრიშაძე ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

დაზარალებული რომან ქათამაძე კი აცხადებს, რომ პოლიციელი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და უმიზეზოდ, მოწმეების წინაშე მას ემუქრებოდა და მას ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმის შემდეგ დაზარალებული რომან ქათამაძე გუშინ სამსახურიდან, განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს. მისი ვარაუდით დამსაქმებლები პოლიციის ზეწოლის ქვეშ არიან. ქათამაძე ამტკიცებს, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ უცნობი პირები ემუქრებიან და პოლიციელის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის გამოტანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებიან.

არჩილ დევრიშაძეს ბრალს ოფიციალურად უახლოეს საათებში წაუყენებენ.

დღის ამბები