მწვავე დაპირისპირების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის სამივე ვეტო დაძლია. კენჭისყრას წინ ქვეყნის პირველი პირის საპარლამენტო მდივანსა და სპიკერს შორის დაპირისპირება უძღოდა. ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს პრეზიდენტის სახელიც დაუძახა.
პრეზიდენტის წარმომადგენელსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაწყებული დებატები დღის ბოლოს ისევ გაგრძელდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს განცხადების გაკეთება პარლამენტის ტრიბუნიდან რამდენჯერმე აუკრძალა. სხდომათა დარბაზში ღია დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი თვითმმართველობის კოდექსზე ვეტოს დადების გამო გააკრიტიკა. ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სიტყვით გამოსვლას აწყვეტინებდა და ამტკიცებდა, რომ ანა დოლიძეს, როგორც საჯარო მოხელეს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ირაკლი კობახიძის დაპირისპირებამ პრეზიდენტის მდივანთან ოპოზიციის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.
გარდა ირაკლი კობახიძისა, გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ განცხადებები მმართველი გუნდის დეპუტატებმაც გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შემთხვევაში გამოიყენა.