"რუსთავი 2"-ის შენობაში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია - ამის შესახებ მეხანძრეები აცხადებენ. მათი თქმით, დეკორაციის ნაწილი დამწვარია.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერები სტუდიებში არ შესულა და საერთო ჯამში, დაახლოებით 25 კვადრატული მეტრია დამწვარი.
„ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. განაყოფების ადგილზე მოსვლის დროს, დაახლოებით 6-7 წუთში ადგილზე იყო. სიძლიერით საშუალო დონის ხანძარი იყო, იწვოდა დამხმარე საწარმო მეურნეობა, ორივე სტუდიაში, ხანძრის გარდა, ხანძრის კერები არ შესულა, დამწვარი არის დეკორაციის ნაწილი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მეხანძრემ.
"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა. მეხანძრეების განცხადებით, მათ ძაბვის გამორთვა დასჭირდათ.
„ჩვენ, წესია ასეთი, ობიექტზე როდესაც შევდივართ, ძაბვის ქვეშ არ ვმუშაობთ, იყო გადაცემა, რომ ძაბვა გამოერთოთ და შეიძლება მაგის გამო გამოირთო,“ - განმარტა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი დაახლოებით ღამის 12 საათისთვის გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი დეკორაციის საწყობში გაჩნდა, მოგვიანებით კი სტუდიების ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძრის გაჩენის კერასთან ახლოს სამაუწყებლო კომპანიის ტექნიკა ინახება.