16 მაისი 2024,   00:24
ვრცლად
საქალაქო სასამართლო "ბავშვთა სამყაროს" დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ამ წუთებში "ბავშვთა სამყაროს" დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ბრალი გიორგი მაჭავარიანს ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. გამოძიება მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულია ასევე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მიხეილ თევზაძე. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. 

დღეს პროკურატურასთან 2 აქცია გაიმართა. საგამოძიებო უწყების ერთ მხარეს შეკრებილები იყვნენ მაჭავარიანის მხარდამჭერები, აქციონერები, მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, მაჭავარიანი არის უკანონოდ დაპატიმრებული და ეს არის იმ რეალური დამნაშავის გეგმის ნაწილი, ვინც რეალურად დაწვა "ბავშვთა სამყარო."

პროკურატურის მეორე მხარეს შეკრებილები იყვნენ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები. მათი თქმით, გიორგი მაჭავარიანთან ერთად უნდა დააკავონ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. მათი მთავარი მოთხოვნა კი უცვლელია, ისინი ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები