17 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
1 დღეში დასაქმებული 610 ადამიანი მერიაში - ოპოზიცია წინასაარჩევნოდ პარტიული რესურსის დაგროვებაზე საუბრობს

თბილისის მერია, უწყებაში ერთ დღეში დასაქმებული 610 პირის სახელისა და გვარის გასაჯაროებაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ „კურიერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, დასაქმებული პირების სახელები უცნობია და დასაქმებულთა მხოლოდ ხელფასებია მოცემული. ხელფასები 1250 ლარიდან 5625 ლარამდე მერყეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის აზრით, თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილება, რამდენიმე ასეული პირის ერთ დღეში დანიშვნის თაობაზე, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დედაქალაქის მთავრობაში პარტიული ნიშნით დასაქმდნენ.

თბილისის მერიამ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 610 ადამიანი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით აიყვანეს, ხოლო მიზეზი მათი დანიშვნისა, პირველი ივლისიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებაა, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლებს უფლებამოსილება შეუწყდათ, შედეგად კი მერიამ ყველა ამ ადამიანთან ხელშეკრულება გააფორმა. რაც შეეხება დასაქმებულთა ვინაობას, დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა სახელებსა და გვარებს პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესიდან გამომდინარე არ ავრცელებენ.

დავით ნარმანიას დღეს მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ყოფილი მერის დაპატიმრების ისტორია შეახსენა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია კი თბილისის მერიაში პოლიტიკურ კორუფციასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს.

საკრებულოს ოპოზიცია მერიისგან 610 დასაქმებულის ვინაობის გასაჯაროებას მომავალ კვირასაც მოითხოვს.

დღის ამბები