17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
„სახელმწიფო კარის ბიზნესმენი“ - ქიბარ ხალვაშს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ხელვაჩაურში 30 ათას კვადრატულ მეტრ მიწაზე განთავსებული ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ. ბიზნესმენი მამუკა ცხვიტაძე აცხადებს, რომ ეს ტერიტორია 2004 წლამდე ასლან აბაშიძეს ეკუთვნოდა, 2006 წელს კი მიწა და ქარხნები ქიბარ ხალვაშმა, მისი მეგობრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დახმარებით, მიზერულ ფასად, 300 ათას ლარად შეიძინა.

მამუკა ცხვიტაძე ყვება, რომ მოგვიანებით, ხალვაშმა ბიზნესი 700 ათას ლარიანი კრედიტის სანაცვლოდ ბანკში ჩადო და მისი გადახდა ვერ შეძლო, რის შემდეგაც ქონება აუქციონზე გაიყიდა, თუმცა ქიბარ ხალვაშმა ტერიტორიისთვის ბრძოლა 2012 წელს განაახლა.  

მამუკა ცხვიტაძე ხალვაშს „სახელმწიფო კარის ბიზნესმენს“ უწოდებს, რომლის დასახმარებლად ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიზნესმენის თქმით, გაყალბებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ქარხნის მფლობელის კომპანია „ტრანს კავკასიის კრისტალს“ დაახლოებით 500 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქარხანა დააყადაღა, შემდეგ კი 6 მილიონად შეფასებული ქარხანა ნახევარმილიონიანი დავალების გამო აქუციონზე გაიტანეს, სადაც ის ქიბარ ხალვაშის ძმამ იყიდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ხალვაშებმა აუქციონზე 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და 8 შენობა იყიდეს, ტერიტორიაზე კი 16 შენობაა. ბიზნესმენ მამუკა ცხვიტაძის თქმით, ხალვაში ამ შენობებს უკანონოდ დაეპატრონა და კანონიერ მფლობელს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევს.

ცხვიტაძემ ამ საკითხზე სარჩელი უკვე რამდენიმე თვეა რაც შეიტანა და თუმცა გამოძიება ბათუმის პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საკითხით „რუსთავი 2“ დაინტერესდა.

ხელვაჩაურის ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე 3 საწარმო მუშაობდა 50-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და წლიური ბრუნვა 4-5 მილიონს აჭარბებდა, ახლა კი აქ მუშაობა გაჩერებულია.

დღის ამბები