17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1,5 კმ. ოკუპირებულია - მთავრობაში მილსადენის დაცვის კონკრეტული გეგმა არ აქვთ

ოკუპირებულ ცხინვალს ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან დივიდენდების მიღება სურს. ნავთობსადენის 1600-მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულია და მას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ეს მონაკვეთი რუსებმა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს მიიტაცეს, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბანერები და ხნულების რამდენიმე თვის წინ განათავსეს და გაიყვანეს.

მილსადენის უსაფრთხოებას ამ დრომდე პრობლემა არ შექმნია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას ვერ აკონტროლებს, რადგან პოლიციის თანამშრომლები შემოვლას ამ ტერიტორიაზე ვეღარ ახორციელებენ. ამასთანავე, მილსადენის უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკება არ ჰქონია რუსულ მხარესთან კომპანია BP-ის.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენის დასაცავად ყველაფერი კეთდება, თუმცა ვერ ამბობენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება უსაფრთხოებისთვის.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯი საფრთხის წინაშე დგას. "ჰაბ ჯეორჯიას" დირექტორი ფიქრობს, რომ ოკუპირებულ მილსადენს მოსკოვი დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წელს ამოქმედდა და მას საქართველოსთვის, ენერგოუსაფრთხოების გარდა, წელიწადში 15 მილიონი დოლარი შემოსავალი მოაქვს.

დღის ამბები