17 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
ჩემი აზრით, ვინც უკეთ იმუშავებს სოციალურ ქსელებში, ის უფრო მიიზიდავს ახალგაზრდებს - თორნიკე შარაშენიძე

„მართლაც ნეგატიური რეიტინგი აქვს ორივე წამყვან პარტიას,“ - ეს განცხადება "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის" ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს არჩევნებში კარგი შანსები აქვს, თუმცა მისი მთავარი მინუსი გუნდში ცნობილი ადამიანების, კარგი მენეჯერების დეფიციტია.

„მის გუნდში არ ჩანს, პრინციპში, არცერთი ცნობილი ადამიანი, რომლიც ცნობილია იმით, რომ არის კარგი მენეჯერი, კარგი ადმინისტრატორი. ეს მისთვის სერიოზული მინუსია, ასევე, ხელისუფლება ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ სერიოზული პრობლემა მისთვის შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი. თუ მეორე ტურში გავიდნენ კალაძე და ზალიკო უდუმაშვილი, ნაკლები შანსი ექნება ზალიკოს,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ ე.წ. შუაშისტების ხმების მოპოვების შანსი ზალიკო უდუმაშვილს აქვს, რომელსაც ამასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმები ექნება. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ თბილისი მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, ის ფიქრობს, რომ მას აპელირება შეუძლია იმაზე, რომ ქალი კანდიდატია.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია და ის ფიქრობს, რომ საარჩევნო კამპანიები, ძირითადად ნეგატიური იქნება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძეს და მის განცხადებას თბილისის ღამის ცხოვრების თაობაზე, თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ამგვარად ის ახალგაზრდების ხმებს ვერ მოიპოვებს.

„ახალგაზრდები ნაკლებად დადიან არჩევნებზე, ეს ჩანს საერთოდ ყველა გამოკითხვაში. ჩემი აზრით, ვინც უკეთ იმუშავებს სოციალურ ქსელებში, ის უფრო მიიზიდავს ახალგაზრდებს და არა დაპირებით, რომ ღამის ცხოვრებას აგიწყობთ. რა ღამის ცხოვრება, როცა თუ ფეხით მოძრაობთ, ტროტუარზე ვერ გაგივლია და თუ მანქანით მოძრაობთ, მანქანას ვერ გააჩერებ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

დღის ამბები