17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
თავდაცვის უწყების მიერ ტენდერის გარეშე გაცემული 10 მილიონი ლარი - კორუფციის ნიშნები და ნაწილობრივ დადებული საიდუმლო გრიფი

2017 წლის ბოლომდე საქართველოში ახალი ქართულ-ამერიკული სამხედრო სასწავლო ცენტრი უნდა შეიქმნას. მის ასაშენებლად თავდაცვის სამინისტრომ 10 მილიონი ლარი შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ტენდერის გარეშე გადასცა. ამასთან ერთად, პროექტის ხარჯების ნაწილს საიდუმლო გრიფი ადევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ან საიდუმლო უნდა იყოს, ან ბოლომდე საჯარო. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ფაქტები კორუფციის არსებობის ეჭვებს ბადებს.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად 2017 წლის 1 ოქტომბერი იყო დასახელებული, თუმცა, მოგვიანებით ამ პროექტის შესრულების ვადამ 3 თვით გადაიწია. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობა უკვე დაიწყო.

ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი განმარტავს, რომ 3 თვით გადაწეული სამშენებლო ვადები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ტენდერის გამოსაცხადებლად დრო საკმარისზე მეტი ჰქონდა და უწყებას ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვასა და კორუფციული რისკების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებაში ადანაშაულებს.

თავდაცვის სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბაზის მშენებლობის ვადები და მისი ადგილმდებარეობა აშშ-თან შეთანხმებით დაიგეგმა.

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისათვის სასწავლო ცენტრის მშენებლობას ქართული და ამერიკული მხარეები ინაწილებენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სტრატეგიული მნიშვნელობის სასწავლო ცენტრი ექსპლუატაციაში დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, 2018 იანვრიდან შევა.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები