17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
საპატრიარქოს ხარჯზე დაწერილი პოლიტიკური ქულები - ხელისუფლებების ეკლესიასთან ურთიერთობის ტრადიცია

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმიანობაში არ ერევა და არც სახელმწიფო ერევა ეკლესიის საქმიანობაში, თუმცა, ისინი ერთმანეთისგან აბსოლუტურად გამიჯნულები არ არიან.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, რელიგიის შესახებ მუხლში ცვლილება სახიფათოა, რადგან რელიგიის თავისუფლება 6 სხვადასხვა პირობით შეიძლება შეიზღუდოს, როცა ძველ რედაქციაში პირობა მხოლოდ ერთია.

ექსპერტები პოლიტიკოსების მიერ რელიგიის პროპაგანდისტულ მიზნებში გამოყენებაზე საუბრობენ. მათი აზრით, ამომრჩევლებზე პატრიარქთან დაახლოვება და ეკლესიაში სანთლით დგომა ჯერ კიდევ მოქმედებს. ისინი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, საზოგადოების მიერ ლეგიტიმაციის პროცესს იხსენებენ. ხალხმა შევარდნაძე მას შემდეგ აღიარა, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ის მმართველად სახალხოდ გამოაცხადა.

პატრიარქი კომუნისტების პერიოდის შემდეგ, ყველა ოფიციალურ სახალხო შეხვედრაზე მნიშნელოვან როლს ასრულებს და ყველა პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება. ილია მეორემ ედუარდ შევარდნაძის ერთი ინაუგურაცია გამოტოვა, რასაც ვარდების რევოლუცია მოჰყვა.

საპატრიარქოს კეთილგანწყობისთვის ყველა ხელისუფლება იბრძვის და ტრადიციას დღევანდელი მმართველი გუნდიც განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ პრორუსული ძალებისთვის მართლმადიდებლობა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ხდება.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეოკრატიული სახელმწიფოს მომხრე არ არის, თუმცა, დღეს ისეთი განცხადებები, როგორიც საქართველოში სეკულარიზმის ეჭვქვეშ დაყენებაა, პოლიტიკოსებს ქულების დასაწერად სჭირდებათ.

 

 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი

დღის ამბები