17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
აშშ-ის პოლიტიკა არის ნათელი პასუხი რუსეთის ქმედებებზე - თენგიზ ფხალაძე

„პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ეს არის ძალიან ნათელი პასუხი იმ ქმედებებზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ახროციელებდა რუსეთის ფედერაცია,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა შესაბამისი პასუხი არ გასცა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, დღეს კი ეს სიტუაცია შეიცვალა და საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები გაიაზრა.

„დღევანდელი პოლიტიკა აშშ-ის სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც დგას და ჩვენ არაერთხელ და საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია, რომ ეს არ არის ,მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არი პრობლემა მთლიანად ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს აშშ-მ არაღიარების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა.

თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე, პირველ რიგში დეოკუპაციისა და უსაფრთხოების თემები იქნება, თუმცა, ასევე განიხილავენ ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს.

„საუბარი შესაძლებელია შეეხოს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკის ურთიერთობის განვითარებისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმტკიცებისათვის. ასე რომ, შეერთებული შტატების როლი და დახმარება მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით და არა მარტო სამხედრო სფეროში,“ - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები