17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
მაიკ პენსის მკაცრი განცხადებები რუსეთის ქმედებებზე

ტრამპის ადმინისტრაციის სურვილის მიუხედავად რუსეთთან მომხდარიყო დაახლოება, მაიკ პენსმა საზოგადოებას თავი საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით დაამახსოვრა.

ერთ-ერთი მთავარი საჯარო გამოსვლა მაიკ პენსს კლივლენდში, "რესპუბლიკელთა" ეროვნულ ყრილობაზე ჰქონდა. ამერიკის შიდა პრობლემებზე მისი პოზიციის გარდა, განსაკუთრებული ინტერესი იყო პენსის საგარეო პოლიტიკურ გზავნილებთან დაკავშირებითაც. პირველივე მიმართვის დროს მან ისაუბრა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის არაეფექტურობაზე და ზოგადად მკაფიო აქცენტები გააკეთა უსაფრთხოებაზე. სწორედ იმ პერიოდში მოხდა საფრანგეთში თავდასხმა, მანამდე იყო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, არაერთი ტერაქტი და ამ ყველაფერზე საუბრის დროს პენსმა განმარტა, რომ ამ ყველაფრის საფუძველი სისუსტეა და მსოფლიოში უსაფრთხოებისთვის შეერთებული შტატების სიძლიერე აუცილებელია. მას ასევე არ დავიწყებია ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გაკრიტიკებაც.

უკვე შემდეგ, როდესაც მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, საზოგადოებამ მოისმინა მისი არაერთი ხმამაღალი განცხადება რუსეთთან დაკავშირებით. დღეს კი ტალინში, რაეკოდას მოედანზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან.

მორიგი მწვავე განცხადება რუსეთთან დაკავშირებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ამ ზაფხულს, ატლანტიკურ საბჭოში ჰქონდა. მან იქ ნატოს სიძლიერის აუცილებლობაზე ისაუბრა და უსაფრთხოების გამოწვევებად ტერორისტების და ირანის გარდა, რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალით შეცვლის მცდელობა დაასახელა. ვიცე-პრეზიდენტის ამ განცხადებას კრემლის სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ თეთრი სახლი პოზიციას განმარტავდა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გასაგებად განაცხადა, ამერიკა ღიაა უკეთესი ურთიერთობებისთვის რუსეთთან, ამავე დროს, პრეზიდენტიც და კონგრესიც ერთიანები არიან ჩვენს გზავნილში, უკეთესი ურთიერთობა და სანქციების გაუქმება მოითხოვს რუსეთისგან უკან გაიწვიოს ქმედებები, რომლებიც სანქციების დაწესების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

დღის ამბები