17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მაიკ პენსის შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან - "თბილისი მარიოტში" 2 პარტია მიწვეული არ არის

„თბილისი მერიოტში“ ხვალ საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდებიან.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის შიგნით არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრებს. პარტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც დააყენებს.

„ევროპული საქართველოდან“ მაიკ პენსთან შეხვედრას დავით ბაქრაძე დაესწრება. პარტიაში აცხადებენ, რომ განხილვის თემები არაფორმალური მმართველობა და მედია თავისუფლების საკითხები, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმე იქნება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს გააცნობს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში დახმარებას სთხოვს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე კი გეგმავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლისა და არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ესაუბროს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის მაიკ პენსთან ვიზიტზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიწვეული არ არის და ის ამ ფაქტს არც გაუკვირვებია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ვიზიტზე ასევე არ დაპატიჟეს „პატრიოტთა ალიანსი“, ამის თაობაზე პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათზე ჩამოფრინდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები