17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია - მაიკ პენსი შეხვედრებს პოლიტიკოსებთან და პატრიარქთან გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათზე დაეშვა. მაიკ პენსი საქართველოს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ეწვია.

აეროპორტში ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალზე საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მაიკ პენსის დასახვედრად მოქალაქეებიც შეიკრიბნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კომპონენტი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დაცვის სამსახურთან შეთანხმებული არ იყო და საზოგადოებას ადგილის დროებით დატოვება მოუხდა რადგან, დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა აზრით, სიტუაცია უკონტროლო იქნებოდა. საბოლოოდ, ხალხი სამთავრობო გამოსასვლელთან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეუშვეს და მაიკ პენსი მათ მანქანიდან მიესალმა.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მკაფიო გზავნილები ექნება. მაიკ პენსთან შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული აგრესია და საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი საქართველოში შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, კათალიკოს-პატრიარქთან, პრეზიდენტთან და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან გამართავს.

დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის, საქართველოში პირველი ვიზიტია. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ამავე თემაზე
დღის ამბები