19 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
მინდა, მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო - კვირიკაშვილი

„მინდა, პირადად ბატონ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა

მან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, როგორც საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესის მნიშვნელობას, ისე ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხს. მისი აზრით, განვითარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება.

 

მისი თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებები, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოსთვის სტიმულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში.

 

„ეს, პირველ რიგში, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მიერ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დღის ამბები