27 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის თანაპარტიელი თბილისში საიდუმლო ვიზიტით იმყოფება

ვლადიმერ პუტინის თანაპარტიელი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მასპინძელი საიდუმლო ვიზიტით თბილისში იმყოფება. უცნობია, ვისი მოწვევით ჩამოვიდა არტიომ კავენიოვი საქართველოში და სად იმყოფება ის ამ წუთებში. "ედინნაია რასიას" დეპუტატი, რომელიც კრემლში ცოტა ხნის, ქართველ დეპუტატებთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო და "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისგან მოწვევაც მიიღო.

„კურიერი“ დღეს დაუკავშირდა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, ადა მარშანიას და დაინტერესდა თუ რა საკითხებს განიხილავდნენ ისინი არტიომ კავენიოვთან.

“კურიერმა" ეს აუცილებლად უნდა იცოდეს? მე მიმაჩნია, რომ არ უნდა იცოდეს. ჩვენ გვაქვს კერძო შეხვედრა, არაოფიციალური და ვსაუბრობთ ყველაფერზე, ქვეყანაზე რაც ხდება. "კურიერზე" ვჭორიკნობთ, "კურიერი" როგორი გადაცემაა კარგი, თუ ცუდი. "კურიერი" ანგრევს ჩვენს ქვეყანას, თუ არ ანგრევს ჩვენს ქვეყანას, აი ამაზე ვლაპარაკობთ. მე არ მაქვს დრო რომ თქვენ გვესაუბროთ,“ -განაცხადა ადა მარშანიამ.

"კურიერი" ასევე დაუკავშირდა მამა გიორგი გურჩიანს, რომელიც რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი მასპინძელია და ადასტურებს, რომ არტიომ კავენიოვი თბილისში გუშინ, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩამოვიდა და პატრიარქს ილიაობა - მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა.

კავენიოვი სვეტიცხოველში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორემ ლოცვა აღავლინა, საღამოს კი ის საპატრიარქოშიც მიიწვიეს და ილია მეორეს საჩუქარიც გადასცა. მამა გიორგი ამბობს, რომ ეს იყო მეგობრული და თბილი შეხვედრა, რუსმა დეპუტატმა პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო.

პატრიარქის ანგელოზის დღე, სავარაუდოდ ერთადერთი მიზეზი არ არის, რისთვისაც პუტინის პარტიის წევრი საქართველოში ჩამოვიდა. სავარაუდოა, რომ მას პოლიტიკური შინაარსის შეხვედრებიც ექნება თანამოაზრეებთან, თუნდაც არაფორმალურ გარემოში. არტიომ კავენიოვის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას 3 აგვისტოს, ანუ დღეს, დაბადების დღე აქვს და სავარაუდოა, რომ ის საკუთარ დაბადების დღეს ამ წუთებში, ერთ-ერთ რესტორანში, ქართველ მასპინძლებთან ერთად აღნიშნავს.

დღის ამბები