19 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
9 წელი აგვისტოს ომიდან - ოპოზიცია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა

9 წელი აგვისტოს ომის შემდეგ. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მეომრების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

პოლიტიკოსების აზრით, ვითარებაში, რომელშიც საქართველო დღეს არის, რუსეთთან, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ ვითარებაში, არა რუსეთისთვის თავის დახრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძლიერია, არამედ ბევრად უფრო ძლიერ, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად კონსოლიდაცია. გონივრული, პატრიოტული, კომპეტენტური და საქმიანი მოთმინებით ქმედებები. მიზანმიმართული და ადეკვატური ქმედებები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მათი დახმარებით, ადრე თუ გვიან და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ადრე გავწევრიანდებით ნატოსა და ევროკავშირში, გავამთლიანოთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა.

სამხედრო-ტერორისტული აგრესია მიმართული იყო ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების წინააღმდეგ. ის, რომ აგრესია შეჩერებული იქნა, ამის დამსახურება უპირველეს ყოვლისა ქართველ ერს და ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. რაც შეეხება აგრესორს, მან იმ დღეებში ნახა, რომ ძალიან ძვირი ფასის გადახადა მოუწია ამ აგრესიის ჩატარებისთვის,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.

დღის ამბები