18 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველოს მთავრობა არ უნდა მეტყველებდეს ოკუპანტის ენით - "ენმ"-ის აქცია ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

საპროტესტო აქცია ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წინააღმდეგ. ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის, რაც ოკუპირებულ შიდა ქართლში ხდება, არის არა მცოცავი ოკუპაცია, არამედ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის დასანანი შედეგები.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ სერგეენკო ოკუპანტი რუსეთის პოზიციას იმეორებს და ეს მიუღებელია.

„სერგეენკო და საქართველოს მთავრობა უცვლელად იმეორებს ოკუპანტის პოზიციას. ისინი ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაცია საერთოდ არ არის, ხოლო ომის დაწყებაში ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არ უნდა მეტყველებდეს რუსების ენით, არ უნდა მეტყველებდეს ოკუპანტების ენით. ეს არის კიდევ ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომლებიც დაეცნენ საქართველოსათვის,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი რუსეთს ოკუპაციის გაგრძელებაში ხელს უწყობს.

„ეს არის პირდაპირ მწვანე შუქი იმისა, რომ რუსეთმა გააგრძელოს თავისი აგრესიული პოლიტიკა და ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენ გვპირდებოდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება და ოკუპაციის ხაზის გადმოწევა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დღის ამბები