19 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
ოკუპაციის გაგრძელება - მმართველი გუნდი და ოპოზიცია პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აფასებს

მმართველ გუნდში ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელების დასტურად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მსგავს ქმედებებს საერთშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირებით უნდა უპასუხოს.

„ყველა საერთაშორისო მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორების დახმარების, რომ ყველაფერს დაერქვას სახელი, როგორც ეს ხდება უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი წარმატებული საგარეო პოლიტიკის შედეგად და რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ოკუპაცია გრძელდება დღესაც და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დღესაც ამას უნდა დაუპირისპირონ მკაცრი რეაგირება ყველა საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია კი რუსეთის პროვოკაციული ქმედებების გამო პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ოკუპაციისთვის მოსკოვი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს - შესაბამისად, განვითარებული მოვლენებიც ლოგიკურია.

„საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა და რუსულ სცენარში ზის, ასე ვთქვათ. ჩენ არ უნდა გაგვიკვირდეს პუტინის ეს ნაბიჯი და არც არაფერი სხვა, იმიტომ რომ რუსეთი არ გრძნობს არანაირ არც პოლიტიკურს, არც ეკონომიკურს და არც სხვა ფასს საქართველოს ოკუპაციის გამო,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით.

„დღეს უკვე სრულიად ნათლად ჩანს, რომ რუსეთთან ე.წ. დათბობის და დალაგების პოლიტიკამ ვერანაირი შედეგები ვერ მოიტანა გაუარესების გარდა. ამიტომ, ჩვენი ამოცანა, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს სრული სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს სიტუაციის დაძაბვის და პროვოცირების საშუალება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური და დიპლომატიური ბრძოლის წარმოება უცხოეთში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები