17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მთაწმინდის დამწვარი ფერდობის აღსადგენად საკრებულოში ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვენ

მთაწმინდის დამწვარი ფერდობის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. შორენა ბუხრაშვილის თქმით, მთაწმინდის გადამწვარი ფერდობი შესაძლოა, მეწყერსაშიში ზონა გახდეს.

“გამწვანების საქალაქო სამსახურს ძალიან დიდი ოდენობით თანხები ჩამოაკლეს და არგუმენტები, რომელიც წარმოადგინა თბილისის მერიამ, იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მე რა თქმა უნდა, როგორც გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, როგორც თბილისის ერთი მოქალაქე მოვითხოვ საკრებულოს სხდომაზე, რომ გამონახული იყოს ბიუჯეტში თანხები, რათა არ მოხდეს თანხების გამო რაიმე სამუშაოების შეჩერება,“ - განაცხადა ბუხრაშვილმა.

ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფას ითხოვს საკრებულოს ოპოზიციაც. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, 2 კვირის წინ ბიუჯეტში ცვლილებების გამო, გამწვანებას თითქმის 6 მილიონი მოაკლდა და ამ ფაქტს არჩევნებს უკავშირებენ.

“როდესაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ბიუჯეტში ცვლილება განახორციელა გამწვანების მიმართულებას მოაკლდა 5 მილიონ 700 ათასი ლარი. ნება იბოძონ საარჩევნო ინტერესები გადადონ გვერდზე, გამოყონ დამატებით თანხები და ეს ტყის მასივი უნდა აღდგეს,“ - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიან დათუკიშვილმა.

გარემოს დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომის გამართვას ითხოვენ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

“მთაწმინდის პარკის და ის ტერიტორია შესაძლოა, მეწყერსაშიშ ზონად იქცეს. ამიტომ, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალისტების აზრი, უნდა მოვიწვიოთ გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაფართოებულ ფორმატში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.

დღის ამბები