“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რეალური საუბარი,“ - ეს შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ უკრაინული ვებ გვერდი მიერ გავრელებული აუდიო ჩანაწერის შესახებ გააკეთა, სადაც, სავარაუდოდ, მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს.
ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, "ვოვანმა" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.
აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერი ნამდვილია და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. რომან გოცირიძის განცხადებით ეს სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რეალური საუბარი. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს გამოძიება, შესწავლილი უნდა იქნას ფირი. ამ ჩანაწერით ვლინდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების. ის, რომ მთელი ეს პროცესი არის უკანონო და სავსებით სამართლიანად თვლიან ისინი, რომ ამას მოყვება ძალიან დიდი სახალხო მღელვარება და ეს შეიწირავს ამ ხელისუფლებას. ეს არის შიში მათ თვალებში. შიში პირველ რიგში მათი არაკანონიერი ქმედების გამო. ის, რომ ქალბატონი წულუკიანი ატყუებს მოსახლეობას და სინამდვილეში აგულიანებს თავის მომხრეებს, რომ სააკაშვილს გაუმკლავდებიან. სინამდვილეში ექსტრადიციის მოთხოვნაზე, წერილიც კი არ არის გაგზავნილი პოლონეთში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.