20 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება - ანალიტიკოსები შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ 

ცნობილი რუსი ტელეწამყვანებისა და პრანკერების მიერ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერი განხილვის თემაა ოპოზიციასა და ექსპერტებში. ​ არასაპარალენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები გამოძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, თუ ხელისუფლება ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს იტყვის, ის კიდევ უფრო უარესს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ჩანაწერში პირი, რომელიც, პრანკერების მტკიცებით, მღებრიშვილია, მათ ეუბნება, რომ არ სურს სააკაშვილის გმირად ქცევა და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მიხეილ სააკაშვილის გადმოცემა.

ანალიტიკოსების თქმით,  გიორგი მღებრიშვილთან თუ სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მან სისხლის სამართლის ორი მუხლი დაარღვია.

„საქმე გვაქვს ჩვენ ორ სავარაუდო მძიმე დანაშაულთან, ერთი არის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ღია არხებით და მეორე მძიმე დანაშაული გახლავთ სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების საბოტირება. ანუ, ფაქტობრივად აღსრულებაზე უარის თქმა არაუფლებამოსილი პირის მხრიდან. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩემი აზრით, შს მინისტრი. სირაქლემას პოზაში ჩადგომა შესაძლებელია და ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს, მაგრამ არაეფექტური იქნება, ჩემი აზრით. ამით მთლიანად ხელისუფლება დაზარალდება,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. პაატა დავითაია ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„პირველ რიგში, უნდა დაიწყოს გამოძიება, დადგინდეს ავთენტურობა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს,“ - აცხადებს პაატა დავითაია.

დღის ამბები