20 მაისი 2024,   06:14
ვრცლად
სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დადასტურება - ოპოზიცია სკანდალური ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს

ორი დღე სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნებიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - ამ დრომდე არც ერთ საგამოძიებო უწყებას, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და რუსი პრანკერის სატელეფონო საუბრის შესახებ გამოძიება არ დაუწყია.

ოპოზიცია მოითხოვს, ჩატარდეს აუდიოფაილის ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ხმა გიორგი მღებრიშვილს.

ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ჩანაწერს ჩაუტარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მისი ავთენტურობა დადგინდეს. პარტიის ლიდერები ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

„ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება დევნის მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად და ამ დევნას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

"ჭიკაიძის საუბარი საბურავებზე ჩვენს სარდაფებში იყო სერიოზული ამ ხელისუფლებისთვის და ის, რომ მათი შინაგან საქმეთა მინისტრი პირდაპირ საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე და მის დევნაზე, ეს არ არის სერიოზული. ორმაგ სტანდარტს ჩვენ ვხედავთ, რამდენად მართლაც არასერიოზული, არაპროფესიონალი მარიონეტული რეჟიმი ჰყავს ივანიშვილს დანიშნული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის,  რომ შეინარჩუნოს მისი ინტერესები ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია ევროპული საქართველო. პარტიში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

„ამ ჩანაწერით გამოჩნდა რამდენიმე რამ. პირველ რიგში გამოჩნდა ის, რომ ნამდვილად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ და ეს არის უფრო დიდი პოლიტიკური დევნის ნაწილი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რაც ძალიან აზიანებს ჩვენს ქვეყანას,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

უკრაინულის გამოცემის Страна.ua-ს მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუს პრანკერს, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი ეგონა, ტელეფონით პოროშენკოსა და კვირიკაშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები უამბო და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა. 

დღის ამბები