27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს უხეშად - ქეთევან ციხელაშვილი ახალგორში გატაცებულ ჟურნალისტზე

„თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მისი გათავისუფლების მიმართულებით მუშაობაში,“ - ასე აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული თამარ მეარაყიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ახალგორში მცხოვრები ჟურნალისტი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ მსგავსი ქმედებები ხორციელდება მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული მისი გათავისუფლების და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა დასრულებულია და ის ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება. ახალგორის მილიციამ ის რამდენჯერმე დაკითხა. დაკავებულის სახლს საოკუპაციო რეჟიმის სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. სავარაუდოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიცია, მის სახლში ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები