24 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
რკინიგზელთა შიმშილობის აქციაში მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა - ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ

რკინიგზის დეპარტამენტთან გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას, უკვე მეოთხე დღეა მიმართავენ. აქციას კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა და ადგილზე უკვე 8 ადამიანი შიმშილობს. გაფიცულები გურჯაანიდან მარნეულში მათი სამუშაო ადგილის გადატანასა და მგზავრობის ხარჯების დაფარვაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

ისინი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობა მათთან მოლაპარაკებას არ ცდილობს და ულტიმატუმის ენით ესაუბრება. შესაბამისად, გაფიცულები უკვე რკინიგზის ხელმძღვანელობის, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის დირექტორის და ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გადადგომასაც ითხოვენ.

"გაგრძელდება ეს აქცია მანამ, სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები. ეს მოთხოვნები არის შემდეგი - უპირობოდ იქნეს დაბრუნებული სამსახურში უჩა ღვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ, ვინც მსხვერპლი არის იგივე სისტემის და იგივე პრობლემის, რაც ამ ბიჭებს შეეხოთ, არასახელმწიფოებრივი და დესტრუქციული პოლიტიკის შესაბამისად, აწარმოა რკინიგზის საინფორმაციო სამსახურმა და ასევე, ინფრასტრუქტურის დირექტორმა. ამის გამო, მათ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობა, “ - განაცხადა საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციიდან აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე ზეწოლა განხორციელდა და მას ხელშეკრულებაზე ხელი ძალით მოაწერინეს.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ აქციის მონაწიელეებს „პოლიტიკურად მართულები“ უწოდა. მისი თქმით, ამ ადამიანებს პროვოკატორები იყენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები