მმართველ გუნდსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაცია დაიწყო. დღევანდელი შეხვედრის მიზანს გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა წარმოადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, შეხვედრის დაწყების შემდეგ შეკრებილებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმებას შეძლებენ.
„მე ვფიქრობ, ჩვენ შორის შედგება შეთანხმება უმთავრესზე, ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
როგორც ის ამბობს, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანია კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.
თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების დასახელება დღესვე სთხოვა.
„მინდა, გთხოვოთ, რომ თითოეულმა პარტიამ დღესვე დააფიქსიროთ ის საკითხები, რის ასახვაც ახალ კონსტიტუციაში გსურთ, ეს ერთი და, ასევე, ის საკითხები, რომელის გათვალისწინების შემთხვევაშიც თქვენ მხარს დაუჭერდით ახალ კონსტიტუციას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობა და ოპოზიცია ვენეციის კომისიის ფორმატში სტრასბურგშიც შეხვდებიან ერთმანეთს.