27 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
დუშეთში ტყე იწვის - ხანძარმა 4 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა

ტყე იწვის დუშეთში. ხანძარმა 4 ჰექტარი ტერიტორია უკვე გაანადგურა. თავდაპირველად ცეცხლი სოფელ ზემო თვალივში მინდორს მოეკიდა, თუმცა მოგვიანებთ ცეცხლის ალში ტყის ერთი ნაწილიც აღმოჩნდა გახვეული.

ხანძარი დუშეთის რაიონში უკვე ორი დღეა, მძვინვარებს, ჯერ კიდევ გუშინ სამაშველო-სამსახურში ამბობდნენ, რომ ცეცხლი ჩამქრალია, თუმცა დღეს თავიდან აალდა.

ახლა სტიქიის ზონაში ქარია, რაც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს. ცეცხლი, დაახლოებით, 2 ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია.

სამაშველო და სატყეო სამსახურის თანამშრომლების თქმით, მთაზე რამდენიმე ათეული კოლეგა მუშაობს. სახანძრო მანქანებითა და წყლის საშუალებით იქ მუშაობა შეუძლებელია, რადგან რელიეფი რთულია, ამიტომ ისინი ცეცხლმაქრი ზურგჩანთებითა და ნიჩბებით მუშაობენ.

სპეციალისტების თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სამაშველო და სატყეო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ღამით მუშაობა ვერ გაგრძელდება და სპეციალისტებს, რომლებიც მთაზე იმყოფებიან, სამუშაოების შეწყვეტა მოუწევთ, ვინაიდან, მათი თქმით, რთული რელიეფის გამო უსაფრთხო არ იქნება. 

დღის ამბები