18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
სოფელ ყარაფილასთან, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარია

სოფელ ყარაფილასთან, ორჭოსანის მიმდებარედ, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყებისთვის ხანძრის მასშტაბები უცნობია. 

ხანძრის არსებობის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2"-ს აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია"-ს წევრებიც, რომლებიც ყარაფილაში იმყოფებიან. 

ირაკლი საჯაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის კერები უკვე აღარ ჩანს, თუმცა კვლავ შეინიშნება კვამლი. 

სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს. 

საჯაიას ინფორმაციით, ოკუპანტებმა სამხედრო ბაზიდან სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს. წვრთნის დროს ისმოდა სროლის ხმაც. მისივე თქმით, ოკუპანტები საზენიტო დანადგარებიდან და ნაღმტყროცნებიდან ისროდნენ, რა დროსაც მთაზე ცეცხლი გაჩნდა. 

"შეუიარაღებელი თვალით ჩანს კვამლის რამდენიმე კერა, ასევე ბინოკლებში ჩანს რუსული ტექნიკა. ახლა ნელ-ნელა შლიან ამ ტექნიკას და სავარაუდოდ ბაზაზე გადაინაცვლებენ. წვრთნები ჰქონდათ. ნაღმტყორცნები და საზენიტო დანადგარებიდან ესროდნენ მთას. გაჩნდა ცეცხლის რამდენიმე კერა, თუმცა ამ მომენტში შენელდა და აღარ არის. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისროდნენ მსხვილკალიბრიანი იარაღით. 

"ამ სროლის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, უშუალოდ სროლის პროცესში. თუმცა არ შეიმჩნევა ამ მომენტში გააქტიურება ამ კერების. ამ წუთებში უკვე აღარ ისმის სროლის ხმა. უბრალოდ დგანან ერთ ადგილას,"-განუცხადა "რუსთავი2"-ს "ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ირაკლი საჯაიამ. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე ლიკვიდირებულია. 

სოფელ ყარაფილასთან იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები