საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილ ხანძრებსა და საოკუპაციო ძალების მოქმედებებს შორის დროში საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს პარლამენტის ვიცესპიკერი.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხანძრების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ოკუპანტებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ეს ფაქტი ვიცესპიკერს კითხვებს უჩენს. თუმცა, მმართველი გუნდი გამოძიების შედეგებს ელოდება.
„ეს არის ფაქტი, მოცემულობა, რომ ეს ასე მოხდა. ე.წ. ანტისახანძრო ხნულები გაივლო და ამას დაემთხვა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ არის საჭირო არაფერზე და უნდა შევინარჩუნოთ ის სიმშვიდე, რომელიც ახასიათებს სტრატეგიას და პოლიტიკას,“ - განაცხადა მან.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს ხანძრები იყოს რუსეთის მხრიდან დივერსია, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ყველა გარემოება უნდა განიხილოს კომპეტენტურმა ორგანომ.
„ყველაფერი უნდა დაშვებულ იქნას. შეიძლება, შიდა იყოს, შეიძლება, გარე ფაქტორებით იყოს განპირობებული. უამრავი ამის საფუძველი არსებობს. აღმოჩენილია რაღაც ფაქტები, რომ ვიფიქროთ, ეს გამიზნულად კეთდება,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.