23 დეკემბერი 2024,   06:38
ვრცლად
არასამთავრობოები სტრასბურგის სასამართლოსთვის შესარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა კომისიას ტოვებენ 

არასამთავრობო სექტორი, პროტესტის რადიკალურ ზომას მიმართვას და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოთვის, საქართველოდან შესარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას ტოვებს.

არასამთავრობოთა კოალიციამ, საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობოების არც ერთი მოთხოვნა, რაც კომისიის გამჭვირვალე და სამართლიან მუშაობას უზრუნველყოფდა, სახელმწიფომ არ გაიზიარა, რაც პროცედურების ობიექტურობას, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სამთავრობო კომისიის მხრიდან მათი რეკომენდაციებისა და შეთავაზებების გაზიარება.  არასამთავრობოთა კოალიციის წარმომადგენელი, საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ხვალინდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

„გადაწყვეტილებებს იღებენ არა პროფესიონალიზმზე დაყრდნობით, არამედ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს არის არასწორი და სწორედ ამიტომ ორჯერ დაგვიწუნეს კანდიდატები ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი ქვეყნის რეპუტაციისთვის,“-განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დღეს გაასაჯაროვა სქემა, რომლის მიხედვითაც ხატიაშვილის მტკიცებით კომისიის მიერ ხდება არასასურველი კანდიდატების დაბლოკვა. ორი კონკრეტული მაგალითით, ესენი არიან კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური, ხატიაშვილი აცხადებს, რომ ამ კანდიდატებს სამთავრობო კანდიდატებმა დაიწერეს მინიმალური ქულა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ მათთვის პოლიტიკურად დამაკმაყოფილებელი კანდიდატები.

„წულუკიანი არ შეიძლება იყოს კომისიის თავმჯდომარე. ის არის შეშფოთების მიზეზი, რომ არაფერი არ შეცვალეს და ეს 8 წევრი  დატოვეს, რომლიდანაც ერთ თვის წინ ადამიანმა 7 ერთიანი დაწერა, ერთი თვის შემდეგ სხვა ქულას დაწერს? ეს ხომ გამორიცხულია, ამიტომ ჩემი მონაწილეობა იქ, ანა ნაცვლიშვილის მონაწილეობა არის, ივანიშვილის, წულუკიანის და მოურავი რომ არის პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სიის გაყალბებაში მონაწილეობა,“-აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.  

არასამთავრობოები მოუწოდებენ სახალხო დამცველსაც არ მიიღოს ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობა.

 

დღის ამბები