სამართალდამცველებმა ”თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის კიდევ ერთი წევრი დააკავეს. საქმე ბათუმის ბულვარში, გამთენიისას მომხდარ ჩხუბს ეხება, რომელშიც დაკავებული პირები მონაწილეობდნენ.
უწყების ცნობით, ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, მოძრაობის წევრები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.
"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია „გაერთიანება - თავისუფლების ფასის" წევრმა „ფეისბუქში“ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ბერიანიძე და მასთან ერთად დაკავებული ერთი პირი პოლიციამ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა და დააკავა. მისივე ინფორმაციით, ფაქტის შესახებ შეტყობინება სახალხო დამცველის აპარატშიც შევიდა.
დაკავების დეტალებზე საუბრობს თავად ლევან ბერიანიძეც.
“პოლიციამ დამაგდო ძირს და შემდგა წიხლებით, მერე ჩამტენა მანქანაში წიხლებით, მერე შემიყვანა განყოფილებაში და წამაქცია მაგიდაზე. მივდიოდით მე და რამდენიმე ჩვენი მეგობარი და ყველანი მთვრალები ვიყავით და ვიღაცა ტიპებმა ჩაგვიარეს დაინახეს ვიღაც ტრანსგენდერი ქალი და დაიწყეს გინება. მერე უცებ მახსოვს, რომ პოლიციის დახმარებას რომ ვითხოვდით, პოლიცია მოვიდა წაგვაქცია და შეგვდგა წიხლებით. პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენნაირი ბინძურებო როგორ უნდა დავიცვათ - პოლიციის თანამშრომლები“ - განაცხადა ბერიანიძემ.