19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ბაქაქური, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური, შესარჩევ კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბაქაქური ადასტურებს.

სამი საათია, იუსტიციის სამინისტროში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრობის კანდიდატთა გასაუბრება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის კონკურსი სამმა კანდიდატმა გაიარა. ამ წუთებში კომისიის წინაშე იმყოფება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, კონსტანტინე ვარძელაშვილი, რომელმაც კომისიას გუშინ წერილით მიმართა. ის ითხოვს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი ჩანაცვლდეს, მათ შორის თეა წულუკიანი. 

გასაუბრება უკვე გაიარა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ალანიამ. მისი თქმით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს სტრასბურგში. მისი თქმით, გასაუბრებაზე შეკითხვები ყოფილი პატიმრის გვანცა ყუფარაძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს. 

დღის ბოლომდე ცნობილი გახდება იმ ორი იურისტის ვინაობა, რომელთაც კომისია კანდიდატიდან შეარჩევს და ქვეყანა სტრასბურგს წარუდგენს.

სხდომა არასამთავრობო სექტორის ნაწილის პროტესტის ფონზე არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრი კი არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, გადაწყვეტილება შეცვალონ და  კომისიის მუშაობაში ჩაერთონ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და როგორც ამას ომბუდსმენი აკეთებს, თუკი რაიმე იქნება საკრიტიკო, მონაწილეობის პროცესში გამოთქვას და არა ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც ალბათ, მაინცდამაინც სერიოზულად არ გამოიყურება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ხარვეზებით წარიმართება, რადგან თავად პროცესია ასეთი, მისი თქმით, მკაფიო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული, რომ შეფასების სისტემა ნათელი იყოს.

„რჩება ადგილი, რომ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. თუკი გადაწყვეტილება იქნება საჯარო, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გამჭვირვალობისკენ," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

დღის ამბები