23 დეკემბერი 2024,   12:54
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს

 „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. საუბარია მარტვილზე, სადაც პარტიის ინფორმაციით, საუბნო კომისიების დაკომპლექტება დარღვევებით მიმდინარეობს. „ენმ“ ჩანაწერებს ავრცელებს, რომლებშიც ადამიანები აღნიშნავენ, რომ მათ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან დაურეკეს და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატურები შეეტანათ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა დაადგინოს მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესს დაარეგულირებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაადგინა ის კრიტერიუმები, ობიექტური კრიტერიუმები, რითაც მოხდებოდა საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების ობიექტური შერჩევა პროფესიონალური ნიშნით და მათი დანიშვნა და დღეს, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების ცდილობენ საოლქო-საარჩევნო კომისიების კვოტით დანიშნონ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. გვაქვს კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ადამიანები აღნიშნავენ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან დაურეკეს მათ და სთხოვეს, რომ შეეტანათ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებად კანდიდატურები და ხდებოდა მათი დანიშვნა და ასევე, ჩანაწერები, როდესაც კანონის დარღვევით, არა პირადად ხდება განცხადებების შეტანა, არამედ სოფლის რწმუნებულების, ან საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების მეშვეობით,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

საუბნო კომისიები, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 13 ადამიანით კომპლექტდება, აქედან 7 ადამიანი კომისიაში პარტიული კვოტით ხვდება, ხოლო 6 - დამოუკიდებელი წევრია.

 

დღის ამბები